ონში, სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია იგეგმება
ქალაქ ონში, სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის ავტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
,,პრეზენტაციას მერის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე – ალუდა თუთისანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე პროექტის ავტორმა მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციაზე დეტალურად ისაუბრა, რაც მოიცავს კორპუსების ფასადების, სახურავებისა და სადარბაზოების რეაბილიტაციას.
ხელმძღვანელი პირების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები და მცირედი შენიშვნები რაც გათვალისწინებული იქნება საბოლოო ვარიანტში.
საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება 23 400 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის ღირებულება 3,5 მილიონს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.