სოფელ გეგუთის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით პირველად ისარგებლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს ადგილზე გაეცნო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

,,პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეზერვუარი, სატუმბო სადგური, წყალმომარაგების ქსელი – 71კმ, აღრიცხვის კვანძები, საქლორატორო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს ჭაბურღილს. სამშენებლო სამუშაოების 86%  დასრულებულია.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია.

სოფელ გეგუთში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა, მოსახლეობის უმრავლესობა თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 4 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაშიც. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, დავით კვინიკაძემ და წყალტუბოს მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები