ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორმა, სოსო კოპალეიშვილმა 6-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

„ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორმა სოსო კოპალეიშვილმა 6-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს დაემშვიდობა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოპალეიშვილი საქმიანობას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში გააგრძელებს.

„ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორმა, სოსო კოპალეიშვილმა, ანგარიშში ყურადღება  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და ინოვაციურ პროექტებზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან დღემდე კულტურის ცენტრის ორგანიზებით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. ამასთან ერთად, არაფორმალური განათლება  4 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ცენტრს ახალგაზრდობის მიმართულება დაემატა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6 ახალგაზრდული სათემო ცენტრი ჩამოყალიბდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის  2024 წელს ბოლნისის ისტორიული ძეგლების ორენოვანი, ქართულ-ინგლისური, კატალოგი გამოსცა, რომელიც მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე 165 ძეგლს აერთიანებს.

ანგარიშის წარდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პაპუნა მუშკუდიანი, მერიისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ბუბა გობეჯიშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კულტურის ცენტრის დირექტორს, სოსო კოპალეიშვილს ნაყოფიერი მუშაობისთვის  მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები