მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები დასრულდა

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები დასრულდა. საერთო კრებები, რეგიონის მასშტაბით, ჯამში 448 სოფლის მოსახლეობასთან გაიმართა. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნით შეხვედრას სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან – ლევან წიკლაურთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან – სოსო მამულაშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მხარეში გამართული შეხვედრების ფარგლებში, პროგრამით განსახორციელებელი პროექტები შეკრებილი საზოგადოების მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩა. მათ შორის ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად დაასახელეს შიდა სასოფლო გზების, შიდა განათების, შემოღობვის, სანიაღვრე არხების, სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სკვერების, მინი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა სახის სამუშაოები.

დავით ნოზაძის თქმით, ჯამში, განსახორციელებელი პროექტებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

“მოსახლეობამ უკვე შეარჩია მათთვის სასურველი პროექტები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიერ დაიწყება საპროექტო სამუშაოების მომზადება, შემდგომში კი – სამშენებლო სამუშაოები.

ჯამში, განსახორციელებელი პროექტებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია 5 მილიონ ლარამდე, რომელსაც, როგორც წესი, მერიების ბიუჯეტიდან, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული დანამატი ექნება”, – აღნიშნა დავით ნოზაძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები