ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში 2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ პირველ შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე დაესწრნენ.
“შეხვედრებს ასევე, მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი, მერიის სამსახურების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აწყურის, თისელისა და ტემლანის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დასახლებებში არსებული საჭიროებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება სოფლისთვის გათვალისწინებული თანხა.
მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 %-მდე თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო
პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.