სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024 დაიწყო

“საჩხერის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო”,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლების – პერევის, ჯრიის, ჭურნალის, დარყის, სპეთის, ჭალის, დრბოს, ღონასა და საკოხიას მაცხოვრებლებს შეხვდა.

მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პერევში სპორტული მოედნის დასრულებას დაუჭირა მხარი. ჯრიაში, ჭურნალსა და დარყაში აღნიშნული პროგრამით შიდა საუბნო გზები მოეწყობა. სპეთში ადგილობრივებმა სასაფლაოს შემოღობვა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს; ჭალის მოსახლეობამ სანიაღვრე არხების, ხოლო დრბოს მაცხოვრებლებმა შიდა საუბნო გზის მოწყობა არჩიეს. სოფელ ღონას მოსახლეობამ ასევე სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, ხოლო საკოხიას მკვიდრებმა შიდა საუბნო გზის მოწყობას დაუჭირეს მხარი.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის 682 000 ლარია გამოყოფილი და შეხვედრები 46 სოფელში გაიმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები