აწყურის კულტურის სახლში ახლად რეაბილიტირებული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა
“ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის კულტურის სახლში განახლებული დარბაზი საზეიმო კონცერტით გაიხსნა. მაყურებლის წინაშე ანსამბლ „ალილოსთან“ ერთად, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ”,- ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
“აწყურის მოსახლეობას პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცეს და სამომავლო გეგმები გააცნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა.
თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი დარბაზი 200-მდე მაყურებელზეა გათვლილი, სადაც დღეიდან უკვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონცერტების ჩატარება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული დარბაზი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო ახალი სცენა და განათება, დარბაზი ასევე ადაპტიტებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.