თიანეთში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა
თიანეთის მუნიციპალიტეტის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში პერიოდულად ვანდალური ფაქტები ფიქსირდება. დაზიანებულია საბავშვო სივრცის ინფრასტრუქტურა, სკამები, გარე განათების სვეტი, შენობების ფანჯრები და სხვა. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვანდალიზმის შემთხვევები, ასევე, გვხვდება დაბა თიანეთის სხვადასხვა სკვერსა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელ ადგილებში. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანების შემთხვევები უფრო მეტად ხშირია ახლად რეაბილიტირებულ სივრცეებში.
ვანდალიზმი დასაგმობია და მას უნდა გაემიჯნოს ყველა, ვისაც ქვეყნის წინსვლა სურს!
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს და ერთად ვიზრუნოთ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.