დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ტარდება
დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
ცაგერის მერობის ერთადერთი კანდიდატი ლევან ზალკალიანია („ქართული ოცნება“), ხოლო თერჯოლის მერის არჩევნებში დარეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი მანუჩარ რობაქიძეა („ქართული ოცნება“).
ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – ბესიკი წულეისკირი(„თავისუფალი საქართველო”) და გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება“).
მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში.
გურჯაანის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ მუხულიშვილია, თიანეთში – იოსებ მათურელი, ახალციხეში – როინ ნებაძე, ქუთაისში კი მიხეილ გიორგაძე. ტყიბულში გიორგი კერესელიძის(„ქართული ოცნება“) კონკურენტი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი გაგოშიძე იქნება,
ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან ამომრჩევლის 91% ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს ხმას.
არჩევნების მიმდინარეობის შესახებ 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება. ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის პროცესის, ისე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ბრიფინგები 09:00, 13:00, 18:00 და 21:00 საათზე არის ჩანიშნული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგების განრიგი შეიძლება შეიცვალოს.