რუსლან აბაშიძემ მედიცინის ღვაწლმოსილი მუშაკები დააჯილდოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად ღვაწლმოსილ მედიცინის მუშაკებს შეხვდა. ინფორმაციას ავტ. რესპუბლიკის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს სამსახურებრივი მივლინებით მყოფი მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე, დაჭრილი მეომრებისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის წევრებთან ერთად თითოეულ მათგანს განსაკუთრებული დამსახურების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში 35 მედიცინის მუშაკი და 20 სამედიცინო კლინიკა დაჯილდოვდა.
შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რუდიკ ცატავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.