სეს-მა 100-მდე ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
სურსათს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Haccp-ის სისტემის არქონის გამო 100-მდე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ინსპექტირების პარალელურად, აქტიურად ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიექტებს Haccp-ის(კრიტიკული ანალიზისა და საკონტროლო წერტილების) სისტემა დანერგილი.
„სააგენტოს ბაზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 10 000-მდე ობიექტი, რომლებისთვისაც სავალდებულოა HACCP-ის სისტემის დანერგვა. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამ დროისთვის გაცემულია 1000-ზე მეტი რეკომენდაცია. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მითითებების შეუსრულებლობისთვის 100-მდე ბიზნესოპერატორი (მათ შორის 48 დედაქალაქში) დაჯარიმდა.
ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, Haccp-ის პრინციპების დანერგვა 2021 წლის 1 ივნისიდან არის სავალდებულო. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორსა და გაერთიანებებთან მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.