ლევან დავითაშვილი: ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს – 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც დაკარგოს

ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს – 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე ბიუჯეტი იმისთვის სჭირდება, რომ მერიამ ხალხის საჭიროებისთვის 24-საათიანი მუშაობა შეძლოს.

“იურიდიულად ეს პროცესი გამართულია. ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ 3 დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს. თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტი, იმისთვის, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაოს”- აღნიშნავს დავითაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. აქციების მიმდინარეობისას მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები