2022 წლის აპრილიდან, მართვის მოწმობის აღება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი
მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება.
როგორც პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 25 აპრილიდან, პირველ ეტაპზე, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებს მართავენ, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის.