დღეს საქართველოში არჩევნებია – ამომრჩეველი 64 მერს და საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევს

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერც ერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად კი 40%-იანი ბარიერი მოქმედებს.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსადა საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები