“ვაქცინაციის გარეშე უბრალოდ ვერ გადავრჩებით” – ვინ არიან “აიცერი და მოიგეს” გამარჯვებულები
“ავიცერი იმიტომ, რომ დავიცვა ჩემი და ჩემს გარშემო მყოფების სიცოცხლე – ასე ამბობს ლატარიის “აიცერი და მოიგეს” ერთ-ერთი გამარჯვებული გია ბაინდურაშვილი, რომელმაც მხოლოდ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვით 500 ლარი მოიგო.
ასეთი უკვე საქართველოს უამრავი მოქალაქეა, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია “აიცერი და მოიგე” 14 სექტემბერს დაიწყო და მას უკვე ასობით გამარჯვებული ჰყავს. თამაშის წესი მარტივია, მოგება შეუძლია ყველას ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ამ გზით თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ მოიგოთ 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.
ლატარიის ერთ-ერთი ბოლო გამარჯვებული 23 წლის ელენე ჩოხელია. ელენე “პფაიზერის” ვაქცინის ორი დოზით მცხეთაში აგვისტოს თვეში აიცრა, როგორც “კვირასთან” ამბობს, ჯანმრთელობა უპირველესია და ვაცქინაციის გარეშე პანდემიის დასრულება ვერ წარმოუდგენია.
” ავიცერი პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა. ასევე, ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის გარეშე უბრალოდ ვერ გადავრჩებით.
ლატარიის შესახებ ვიცოდი, მაგრამ არასდროს არაფერი მომიგია და ახლაც არ ველოდი. ძალიან გამიხარდა რომ დამიკავშირდნენ”,- ამბობს ელენე ჩოხელი.
თემურ მაჩიტაძე პროფესიით პედაგოგი და ამჟამად პენსიონერია. კოვიდვაქცინა “ასტრაზენეკათი” დედაქალაქში აიცრა. “კვირასთან” საუბარში ისიც აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა იყო უპირველესი მიზანი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისას. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩესისას კი “აიცერი და მოიგეში” 500 ლარიც მოიგო.
“ვალდებულად ჩავთვალე თავი ავცრილიყავი, ამდენი მსხვერპლია მსოფლიოში და საქართველოში. ლატარიაში მოგება კი ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის”,- აღნიშნა თემურ მაჩიტაძემ.
ცნობისთვის, ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.