ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს – “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება
ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.
“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
“კვირა” ინფორმაციის გადამოწმებას კომპანია ენკასთან ეცადა. პრესსამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ კეთდება.