ეკატერინე ტიკარაძე: თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას ვხედავთ, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჯერ ველოდებით აღმავალ ტალღას

თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას ვხედავთ, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჯერ ველოდებით აღმავალ ტალღას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კახეთში განაცხადა, სადაც კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.

მინისტრის ინფორმაციით, დღესვე კახეთში დაგეგმილია პედაგოგებთან, ასევე ჰოსპიტალური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

„დავათვალიერეთ მობილური ამბულატორია, რომლითაც ძირითადად სოფლის მოსახლეობის ვაქცინაცია ხდება, რათა მაღალი ხელმისაწვდომობა იყოს. მობილურ ამბულატორიებში ყველა ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი და ის, რომ ადამიანს არჩევნის საშუალება აქვს, მნიშვნელოვანია.

შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა, ვინაიდან დღეს ვხედავთ თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჯერ ველოდებით აღმავალ ტალღას და მნიშვნელოვანი, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი. ასეთი რეგიონია კახეთი. დაგეგმილი გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორთან შეხვედრა, რათა მათი მხრიდან იყოს ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურული რესურსი მობილიზებული, რათა მოხდეს ჰოსპიტალში პაციენტების დროული გადაყვანა. ასევე ოჯახის ექიმებთან შეხვედრაა დაგეგმილი, რათა საინფორმაციო კამპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს.

ასევე მნიშვნელოვანია სწავლის დაწყებისთვის პედაგოგების მაქსიმალურად ვაქცინაცია და დღეს, ასევე დაგეგმილია პედაგოგებთან შეხვედრა იმისთვის, რომ მათი მოტივაცია იყოს გაზრდილი და პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც პედაგოგებში არსებობს ვაქცინის საჭიროებასა და უსაფრთოებასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რა დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს ვაქცინაცია.

შემდეგი და ბოლო შეხვედრა გაიმართება ბიზნეს-სექტორთან, ვინაიდან კახეთში მაღალი აქტივობააა როგორც სასტუმრო და სარესტორნო სექტორში, ასევე ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა სეზონური სამუშაო, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სამუშაო ძალების მიგრაცია ხდება და მნიშვნელოვანია, ყველა სექტორში იყოს ხელშეწყობილი ვაქცინაცია. ყველა ეს საკითხი განიხილება და ყველა ეს პროცესი დაიგეგმება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები