საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მოვინახულეთ კახეთის 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, სადაც მთელ რიგ მონაკვეთებზე უკვე დასრულებულია შელესვის, თბოიზოლაციის, ენერგოეფექტურობის კომპონენტები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების და ირიგაციების მოწყობა, წესრიგდება სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურული ელემენტები, დაწყებულია შესაბამისი საფეხმავლო და საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარსელაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და დავით სონღულაშვილთან, ასევე მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ყვარელსა და თელავში მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პროგრამის ფარგლებში, თელავში დაწყებულია თბილისის გზატკეცილისა და რუსთაველის ქუჩის ურბანული განახლება, გურჯაანში ნონეშვილის ქუჩისა და ე.წ. „პაპასბაღისა“ და „ბებოსბაღის“, დედოფლისწყაროში ცენტრისა და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, საგარეჯოში ცენტრალური ქუჩისა და მოედნის, ყვარელში კი ილია .ჭავჭავაძის ქუჩის განახლება.
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეკონომიკა ქვეყანაში აქტიურად ვითარდება მიუხედავად პანდემიისა, რაც აისახება რეგიონებზეც.
„კონკრეტულად თელავში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ერთი არის ურბანული ცენტრების განახლება, ასევე წყლის პროექტის განხორციელება ეს ის პროექტებია, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული თითოეული მოქალაქისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნასთან და ამავდროულად ქალაქში ცხოვრების ხარისხის ზრდასთან. ეს პროექტები ზრდის მოქალაქეების ქონების ფასს და ეს არის სწორედ ასახვა ეკონომიკური ზრდის თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე. პროექტები საკმაოდ კარგი ხარისხითა და კარგი ტემპით მიმდინარეობს. მომავალი წლები სწორედ იქნება იქითკენ მიმართული, რომ მუნიციპალიტეტებში, სოფლებში ყველგან მოწესრიგდეს და დამკვიდრდეს ის სტანდარტი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვისაა მიღებული, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.