რუსთავში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოდერნიზების პროექტი მიმდინარეობს
რუსთავში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების სრულად მოდერნიზების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
ლიფტების სრულად მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე 370 ათასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ქალაქში გათვალისწინებულია 70-მდე ლიფტის მოდერნიზაცია, რაც გულისხმობს ძველი ლიფტების ახლით სრულად ჩანაცვლებას.
დღეს, ქალაქის სამ სხვადასხვა მისამართზე ახალი და სრულად მოდერნიზირებული ლიფტები, რუსთავის და გარდაბნის ათი ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ დაათვალიერა.
,,დღეს ჩვენ ვნახეთ უკვე კონკრეტული გაკეთებული საქმე. წლის ბოლომდე ქალაქში ჯამში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება იმისთვის, რომ ის ლიფტები, რომლებიც დღეს არის ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში და ხშირ შემთხვევაში არის საფრთხის შემცველი, მოხდეს მათი ეტაპობრივად ახლით ჩანაცვლება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ლიფტებით. ჩვენი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ყველა ის საერთაშორისო ნორმა რომელიც უსაფრთხოების კუთხით არის გათვალისწინებული, უზრუნველყოფს მათ კომფორტულ გადაადგილებას და აღარავის გვექნება შიში იმისა, რომ ლიფტი შეიძლება დაზიანდეს და გაჩერდეს. ახალი ლიფტები არის ძალიან ლამაზი, კომფორტული და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის უსაფრთხო”,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მისივე განცხადებით, ბიუჯეტში თავდაპირველად ნახევარი მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მთავარი გამოწვევა იყო სწორედ ამორტიზირებული ლიფტები და ეს თანხა არ იყო საკმარისი, ამიტომ სახელმწიფოს და კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მოხდა ამ პროექტისათვის კიდევ სამი მილიონი ლარის დამატება.
პირველ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით, ლიფტების მოდერნიზების პროცესი აგვისტოს ბოლოს დასრულდება