თეა წულუკიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენში უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა დაათვალიერა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია და გოდერძი ნარიმანიშვილის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი უნიკალური ნაქალაქარი და ყორღანი დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ იფნარასა და ქვემო ახალშენს შორის არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში მკვლევარებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს.
„აღმოჩენილია უძველესი ნამოსახლარი, რომელიც ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის განცხადებით, მოცემულ ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულიდან მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალს ადასტურებს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამი წლის წინ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, რომელსაც სოფელ ახალშენში კერძო საკუთრება აქვს და სოფლის მეურნეობას ეწევა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობისას უძველესი ნივთები აღმოაჩინა.
რეჟისორმა მოცემული ნივთები სპეციალისტებს აჩვენა და გაირკვა, რომ ეს იყო ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ხანის ნივთები. ამის შემდეგ გოგა ხაინდრავას ინიციატივით მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე რამდენიმეწლიანი არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო. ექსპედიციის ფარგლებში აღმოჩნდა სასახლის ნაშთი, თავდაცვითი სისტემა (გალავანი, მასში ჩატანებული კოშკურებით), საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები (მარანი ქვევრებითა და საწნახელებით, კირის ღუმელი, საკვების შესანახი ხაროები და სხვა). ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა კიდევ სამი ნამოსახლარი გალავნის გარეთ (12 ჰექტარის, 8 ჰექტარისა და 6 ჰექტარის ფართობის ნამოსახლარები). მოცემული ტერიტორია ქალაქ სამშვილდედან, რომელიც შუა საუკუნეებში დიდი მნიშვნელობის დასახლება იყო, სამი კილომეტრით არის დაშორებული. ამდენად, ექსპედიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღმოჩენილი ნამოსახლარი ქალაქ სამშვილდესთან ერთიან კონტექსტში არის განსახილველი.
აღსანიშნავია, რომ მოცემული ტერიტორიის პარალელურად არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორ ადგილას აწარმოებს გათხრებს. ერთ-ერთი მათგანი არის სოფელ ზემო ახალშენის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ტყეში შუა საუკუნეების ნამოსახლარი არის აღმოჩენილი, ხოლო მეორე – ასევე ზემო ახალშენის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი, რომელიც ძვ.წ.აღ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება და თრიალეთის არქეოლოგიურ კულტურას მიეკუთვნება. ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა ოქროს თასი; ოქროს მძივსაკიდი, რომელიც 9 ბურთულისაგან შედგება, ყოველი ბურთულის ცენტრში ნახევრად ძვირფასი ქვის თვალი ყოფილა ჩასმული; აქვე აღმოჩნდა ოქროს ბიკონოსური მძივი, რომელიც მაღალმხატვრული ღირებულებისაა.
მიცვალებულისათვის ჩაუტანებიათ თიხის 15 ჭურჭელი, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. სამარხი კამერის წინ ხარის მთლიანი ჩონჩხი დადასტურდა. ახლად გათხრილ ყორღანში აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტები უნიკალურია. მათი ზუსტი ანალოგები დღეისათვის ცნობილი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ლითონის მხატვრული დამუშავების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის შესაბამისი პერიოდის ძვირფასი ლითონებით დამზადებული არტეფაქტებისაგან.
აღმოჩენილი ნივთები, შემდგომი მოკვლევის, შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში, რესტავრაციის მიზნით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაშია გადატანილი“, – ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.