გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “რიონის ხეობის მცველებთან” კომუნიკაციას წყვეტს – “მწვანე ალტერნატივას” განცხადება
გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივა“-ს გადაწყვეტილებით, ის ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტს მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“. შესაბამისი განცხადება “მწვანე ალტერნატივამ” მას შემდეგ გაავრცელა, რაც დღეს “რიონის მცველები” ვარლამ გოლეთიანი, მაკა სულაძე, მარიტა მუსელიანი და სხვები ჰომოფობიურ აქციაზე იმყოფებოდნენ.
ორგანიზაცია ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და მშენებლობის ნებართვის გასაუქმებლად სასამართლოშიც დავობს.
„მწვანე ალტერნატივა“ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევითა და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.
რაც შეეხება ნამახვანჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ,
„რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, „მწვანე ალტერნატივა“ წყვეტს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი, მაკა სულაძე და სხვები დღეს თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციას შეუერთდნენ. დილიდან აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ მათ, აპარატურას უმტვრევდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ. დაზარალებულია 30-ზე მეტი ჟურნალისტი. რამდენიმე მათგანს სხეულის დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ამასთან, აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი, დააზიანეს შენობა, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისია განთავსებული. დაჭრეს ტურისტი და ქუჩაში საცემად დასდევდნენ მათ შორის ბავშვებს, რომელთა სექსუალურ ორიენტაციაშიც ეჭვი შეჰქონდათ, რომ შესაძლოა ისინი ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და კონცერტს მართავენ.