ვასილ მაღლაფერიძე – გარემოს დანაგვიანების ამსახველ ვიდეოზე: ამ რეგვენ ბიჭს მე არ დავსჯიდი, რასაც უყურებს ის ქნა, შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩავუთვალოთ

გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთი რეგვენი ჯეელი ცელოფნის ბოთლებს ყრის მდინარეში. თან ვიდეოზეც გადაუღია ამ უბედურს, ეტყობა, მოსწონს, რასაც აკეთებს. ამ აჟიოტაჟის შემდეგ შეიძლება და იპოვონ და დასაჯონ კიდეც, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვერც მიხვდება, რატომ დასაჯეს. სინამდვილეში ხომ ის გააკეთა, რასაც ყოველდღე ხედავს და ჩვეულებრივი ამბავი ჰგონია ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მაღლაფერიძე სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს როგორ ყრის მოქალაქე პლასტიკის ბოთლებს მდინარეში. მაღლაფეიძის თქმით, მისთვის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემია თუ როგორ მტრულად ებყრობიან მოქალაქეები გარემოს.
“ბოლო პერიოდში ბევრი სიარული მიწევს და სულ უფრო თვალში საცემია, როგორ მტრულად ვექცევით ბუნებას, რომელიც თავის მხრივ ყოველნაირად ცდილობს, რომ ეკონომიკურად შეგვეხიდოს და სტუმარი მოიზიდოს. გადაღებებზე გასულებს, ადგილი რომ მოგვეწონება, ნახევარი საათი იმის დასუფთავებას ვუნდებით, კადრი ნაგავმა რომ არ დაგვიმახინჯოს
ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და კიდევ მოიმატებს, მაგრამ, ბოდიში და, იმატებს დაყრილი ნაგავიც. ულამაზესი და წითელ წიგნში შესატანი ძვირფასი ადგილები, ფეხის დადგმა რომ დაგენანება, ნაგავს მიაქვს და დადგება დღე, როდესაც ნაგვის სანახავად ჩამოსვლა აღარ მოუნდებათ.
მყინვარწვერის მეტეოზე ათობით ტონა ნაგავია და ყოველწლიურად იმატებს – შემზარავი სანახავია. ბილიკები და მათ გარშემო წარყვნილია ყველაფერი და მალე ეს ნაციონალურ უბედურებაში გადაიზრდება. ნაქეიფარი ადგილები და მოტრიაწებული გარემო ჩვეულებრივი სანახაობა გახდა.
სიგარეტის ნამწვავებზე აღარაფერს ვამბობ, მოფენილია მინდვრები და უცხოელები გაოცებულები უყურებენ ჩვენს გამყოლებს, ნამწვავებს რომ ისვრიან აქეთ-იქით. მიდი, აბა, თუ ბიჭი ხარ, კენიის ნაკრძალში მოწიე სიგარეტი, ნამწვის დაგდებაზე აღარაფერს ვიტყვი. თუმცა, ჩვენთან ხომ მოწევის თავისუფლებაა და აივნიდან გადაწკიპურტება კი ნაციონალური სპორტია.
ცალკე სათქმელია, წყაროებს, ნაკადულებს და მდინარეებს როგორ ვექცევით, ნახევარ მსოფლიოს წყალი დასანახად ენატრება, ჩვენ ყველაფერს შიგ ვყრით და ვაბინძურებთ.
ტურიზმი კი გვინდა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ადამიანს მალე ძირს დახედვა აღარ მოუნდება და სულ ზემოთ ცქერით კისერი ეტკინება და მეორედ აღარ ჩამოვა. ანდა ტურისტები სულ რომ არ ჩამოვიდნენ, ჩვენ საღორეში უნდა ვიცხოვროთ?!
ამ რეგვენ ბიჭს მე არ დავსჯიდი, ვიმეორებ, რასაც უყურებს ის ქნა. თანაც შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩავუთვალოთ, თუ მართლა გამოგვაღვიძა და მართლა დავიწყეთ ნაგავთან ბრძოლა და თუ ისევ ასე გავაგრძელეთ, ეს შტერი ბიჭის დასჯას რა აზრი აქვს.
P.S. გული მწყდება მყინვარწვერზე დაყრილი ნაგვის ფოტო ან ვიდეო რომ არ მაქვს, აი, ნაგავი ისაა, თუ არის”,- წერს მაღლაფერიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები