მარიკა ბარათაშვლის მშობლიურ სოფელ ნავარძეთში პოეტის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, პოეტის, დრამატურგის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის მარიკა ბარათაშვილის მშობლიურ სოფელ ნავარძეთში, პოეტის სახლ-მუზეუმი გაიხსნება.  ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ პოეტის შვილიშვილთან ლანა ყურაშვილთან, ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და მის ოფიციალურ გახსნამდე იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.
“მუზეუმში დაცულია პოეტი ქალის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: უნიკალური ფოტოები ,პოეტის შემოქმედების ამსახველი გამოცემები, ძველთაძველი ხელნაწერები, მისი პიესების მიხედვით განხორციელებული სპექტაკლების ამსახველი აფიშები და პირადი ნივთები.
„ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ჰყავდა მარიკა ბარათაშვილი.ბედნიერი ვართ,რომ შეგვიძლია ვიამაყოთ ლეგენდარული პოეტის თანაქალაქელობით.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩვენი სახელოვანი ადამიანის სახლ-მუზეუმმა იარსებოს და მომავალმა თაობამ მეტი გაიგოს მისი შემოქმედების შესახებ – აღნიშნა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი დაიბადა 1908 წლის 7 აპრილს. 100 წლის ქალბატონი თავისი ცხოვრების ბოლო წუთამდე ნაყოფიერად მოღვაწეობდა:
1945 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი.
მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული – 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა მარიკა ბარათაშვილის პიესამ „ჭრიჭინა“ (1950, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი “ჭრიჭინა”. აღსანიშნავია პოეტის ლექსთა კრებულები: „ლექსები“ (1948), „საპოვნელა“ (1958), „დღე დღევანდელი“ (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები „ნანული“ (1941), „სოფელა, თინა და ჭიანჭველები“ (1949) და სხვა.
ჩვენი ქვეყნის თეატრების სცენაზე დაიდგა მარიკა ბარათაშვილის პიესები „ჩემი ყვავილეთი“, „სართულები“, „მაღალი ოცნება“, „რატომ?“, „სიყვარულის წისქვილი“, „ჩქარი მატარებელი“ და სხვა.
1965–1991 წლებში გახლდათ ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქტორი.
მარიკა ბარათაშვილი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები, ღირსების ორდენი.
იმერეთის ჰიმნად იქცა მისი სავიზიტო ბარათად ქცეული ლექსი-„საპოვნელა“.
არჩეულია მშობლიური ქალაქ ჭიათურის საპატიო მოქალაქედ.
გამოჩენილი პოეტი და საზოგადო მოღვაზე გარდაიცვალა 2008 წლის 30 დეკემბერს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები