გორის მერის მოადგილეების შემდეგ თანამდებობას ხაშურის მერის მოადგილეც ტოვებს
ხაშურის მერის მოადგილემ, ზურაბ როსებაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მისი განმარტებით, აღნიშნული საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხდა.
როსებაშვილის თქმით, ის გუშინ ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელს ზვიად ქურდაძეს შეხვდა, რომელმაც მას თანამდებობის დატოვება სთხოვა.
„ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან [ზვიად ქურდაძესთან] და ვიცი, რომ ეს არ იყო ზვიადის გადაწყვეტილება. ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება. არ მინდა უხერხულობა შევუქმნა არც ზვიადს, არც სხვა თანამშრომლებს და ამიტომ დილით დავწერე განცხადება. მომხდარს ზეწოლად ვერ შევაფასებ, თუმცა მოულოდნელი იყო“, – განაცხადა როსებაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება გახარიას გუნდს, როსებაშვილის განმარტებით, მას ამ გუნდის წევრებთან კარგი ურთიერთობა აქვს, მათ შორის ყოფილ გუბერნატორ ხოჯევანიშვილთან და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი.
როსებაშვილი ხაშურის მერის მოადგილის თანამდებობაზე 2019 წლის პირველ აპრილს დაინიშნა.