“საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები” – თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ორგანიზებით თემაზე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილვა მოეწყო. შეხვედრაზე თემის ირგვლივ სხვადასხვა ასპექტით მოხსენებას გააკეთებენ როგორც ცენტრის მკვლევარები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები.
საუბარი შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: რამდენად აქტიურია რუსეთის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, რა თემებს იყენებს საზოგადოების გასახლეჩად და არის თუ არა ენერგეტიკა მისი სამიზნე; რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკოლოგიურ თემაზე აგორებული პროტესტის შეზავება ანტითურქული და რელიგიური სენტიმენტებით; ენერგეტიკა, როგორც სფერო ინვესტიციების მოსაზიდად, ვინ შეიძლება ფლობდეს ენერგოობიექტებს და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს; რა როლი ენიჭება ენერგეტიკას საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში; ვინ ატარებს რუსულ ინტერესს საქართველოში, როგორია მათი ანატომია და კრემლთან კავშირი; რა შეიცვალა კავკასიურ გეოპოლიტაკში ყარაბახის შარშანდელი მოვლენების შემდეგ და როგორია რუსეთის როლი; მწვანე თემატიკით აგორებული პროტესტის პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაზრდის პერსპექტივა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილვა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ოფისში მიმდინარეობს.