მარტვილში დაშავებულ ჟურნალისტს, რომელიც თბილისში გადმოიყვანეს, ქირურგიული ჩარევა სჭირდება
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ “პოსტვ“-ის ჟურნალისტს, სოსო ხოფერიას კვლევები უტარდება.
ექიმების პირველადი დათვალიერებით, შესაძლოა მას ქირურგიული დახმარება დასჭირდეს.
როგორც დაშავებულმა ჟურნალისტმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მიუხედავად ტკივილისა, თავს უკეთ გრძნობს.
,,გამთენიისას მომათავსეს თბილისში ,,ნიუ ჰოსპიტალსში“. ახლა მიტარდება კვლევები და როგორც ექიმები ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო.
ტკივილი მაქვს ზურგის არეში მოტეხილი მაქვს ხერხემლის მე-4 მალა. თავს კარგად ვგრძნობ, მიუხედავად იმ ტკივილისა რასაც ახლა განვიცდი“, – ამბობს სოსო ხოფერია.
შეგახსენებთ, გუშინ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სამღვდელოებასა და მრევლს შორის დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 6 დაშავებულიდან, 5 მედიის წარმომადგენელია. 4 მათგანი გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაეწერა ბინაზე, ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას.
ცნობისთვის,მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. მანამდე კი ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.