მამუკა სალუქვაძე: როცა “კვირას” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, არ ამოიღეთ ხმა და გუშინ სხვაზე გამეორდა იგივე საზიზღრობა
“როცა “კვირას” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, ოპერატორი ბიჭი სცემეს, უამრავი ხალხი სთხოვდა “სახალხო დამცველს” რეაქცია ჰქონოდა, მხარდაჭერა გამოეთქვა და ამაოდ”,- ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არ შეიძლება ერთი პრეცენდენტის დაშვებაც კი და მეორე გვერდზე გადაბრუნება, თავის მოკატუნება, თითქოს არაფერიც არ მომხდარა.
“ეს 16 თებერვალს გამოვაქვეყნე, სააგენტო “კვირას” ჟურნალისტებს რომ დაესხნენ თავს და ოპერატორი ბიჭი სცემეს, ხოლო გოგონას სიტყვიერი შეურაცხყოფები მიაყენეს და სტრესში ჩააგდეს. მაშინ ზოგიერთებისგან, ახლა რომ უკიდურესად აღშფოთებულები (სამართლიანად) არიან, ჩაითვალა როგორც ჩანს, რომ ეს ხალხი მათიანი არ იყო და ხმა არ უნდა ამოეღოთ მათ დასაცავად და სოლიდარობის ნიშნად. უამრავი ხალხი სთხოვდა ე.წ. “სახალხო დამცველს” რეაქცია ჰქონოდა, მხარდაჭერა გამოეთქვა და ამაოდ…ეტყობა მის დასაცავთა სიაში, სააგენტო “კვირას” თანამშრომლები არ შედიან. არ ამოიღეთ ხმა და გუშინ სხვაზე გამეორდა იგივე საზიზღრობა. ასეა, არ შეიძლება ერთი პრეცენდენტის დაშვებაც კი, გაჩუმება, მეორე გვერდზე გადაბრუნება და თავის მოკატუნება, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის პროფესიული და ადამიანური სოლიდარობა”,- წერს სალუქვაძე.
ცნობისთვის, გუშინ, ღამის საათებში ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანსა და ჟურნალისტ ვახო სანაიას ოჯახთან ერთად 3 პირი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ქალებსაც. მომხდარზე პოლიციამ სამივე თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. დაწყებულია გამოიძიება.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 2 პირი – როსტომ აფციაური და გიორგი ნეფარიძე მალევე დააკავა. გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულები, სასამართლომ 3000 და 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.