გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.