ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან მთელს საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო. საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ მოსწავლეები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სადაც სწავლის პროცესი მანამდე ეპიდვითებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვის განმავლობაში ონლაინფორმატში მიმდინარეობდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებითი ფორმის სწავლებაზე გადავიდნენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად, რეკომენდაციები განახლდა და ამის თაობაზე თითოეულ სკოლას ეცნობა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისა და სკოლის თითეული თანამშრომლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.

საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20 პროცენტის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: labour.moh.gov.ge, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე მიმდინარეობს.

განათლების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციების მიხედვით, მშობელს საშუალება აქვს განცხადების საფუძველზე, მოსწავლისთვის ისევ დისტანციური სწავლების მეთოდი აირჩიოს. ასევე რისკ ჯგუფის მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ან მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდება, შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ, მთლიანად სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე, თუ კონკრეტული კლასი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები