პენიტენციური სამსახურის განცხადება: ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთავის მე-17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის კრიმინალური გარჩევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე მსჯავრდებული გარდაიცვალა.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან როგორც ირკვევა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. პენიტენციური სამსახური კი მიმართავს პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება, ე.წ. ქურდული გარჩევა” მოხდა და რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა.