“მზეჭაბუკი” ქუთაისში ბრუნდება
ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე “მზეჭაბუკის” დასამონტაჟებელი სამუშაოები დაიწყო.
ძეგლის მონტაჟს შპს “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლი” ასრულებს.
ძეგლის დაბრუნება ქუთაისის ბიუჯეტს 98 699 ლარი უჯდება.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ავტორის ოჯახთან ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოლაპარაკებები აწარმოა და თავად ოჯახმა გამოთქვა სურვილი, რესტავრირებული ქანდაკება კვლავ ქუთაისს დაბრუნებოდა.
ცნობისთვის, “მზეჭაბუკი”, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის ავტორობით შესრულებული “დიდების მემორიალის” ნაწილი იყო, მონუმენტის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აიღეს.
46-მეტრიანი მონუმენტი კი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა, 2009 წლის 21 დეკემბერს ააფეთქეს. აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ძეგლის ნამსხვრევები მოხვდათ. აფეთქებული მონუმენტის ადგილზე კი საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა აშენდა.