“18 წლამდე კი არა, მაგას 25 წლამდე არ გავათხოვებთ, სწავლა უნდა ბავშვს” – არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი ნიშნობის ფაქტს უარყოფს
ფონიჭალაში 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის სავარაუდო ნიშნობის შესახებ გოგონას ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.
მცირეწლოვნის ბებია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ნიშნობა არ ყოფილა, სოციალურ ქსელში გოგონას დაბადების დღის ამსახველი კადრები გავრცელდა.
“მშობლებს მოეწონათ და შევთანხმდით, რომ გაიზრდებიან დაქორწინდებოდნენ. ახლა დაბადების დღე რომ ჰქონდა გოგოს, ბიჭის მშობლებმა უბრალოდ ბეჭედი აჩუქეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გოგო რომ სრულწლოვანი გახდება გავათხოვებთ, ჩვენ შვილს სწავლა უნდა და ახლა მერვე კლასში სწავლობს, გაავრცელეს, რომ ვითომ 11 წლის არის, სირცხვილია, ეს როგორ შეიძლება. ჩვენს გოგოს სწავლა უნდა და ამბობს, რომ მინდა სტილისტი გამოვიდეო, ბავშვს ასეთ ასაკში როგორ გავათხოვებთ. 18 წლამდე კი არა, მაგას 25 წლამდე არ გავათხოვებთ, ბავშვს სწავლა უნდა. ფოტო გაავრცელეს და გოგოს ქმრად მონათლეს, არა და ჩემი ნათესავია გვერდით და სულ სხვა ბავშვი. სირცხვილია მართლა, ვინ გაავრცელა ეგ ვიდეო ეგ არ არის დასასჯელი “, – ამბობს, ბებია, ელნაზ აჰმედოვა.
არასრულწლოვანი გოგონას ბებიის თქმით, ოჯახიც და ბავშვიც მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით, არასროლწლოვნის მიმართ ქორწიბების იძულებას გულისხმობს.