“ისეთი პიროტექნიკებია რომ შესაძლებელია ყოფილიყო პიროტექნიკა” – რას ყვება ზუგდიდის “სპეცოპერაციაზე” სახლის პატრონი
ზუგდიდში ოპოზიციონერი აქტივისტის, გელა შედანიას სახლში სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც სოცქსელში “ნაცმოძრაობის” წევრმა ირაკლი კვარაცხელიამ გაავრცელა, შედანია პირველ კომენტარს “რეგიონულ კვირასთან” აკეთებს. შედანია ამბობს, რომ სროლის ხმა, რომელზეც იყო საუბარი თითქოს მის სახლში უცნობმა პირმა ისროლა, შესაძლოა პიროტექნიკის ხმა ყოფილიყო. მისი თქმით, ამავეს ფიქრობენ მისი მეზობლებიც.
“მეზობლებმაც გაიგეს ხმა იფიქრეს პიროტექნიკას ისვრიანო ისეთი ხმა ჰქონდა. დაზუსტებით ვერ გეტყვით იარაღი იყო თუ რა. როგორც ასეთი იყო უბრალოდ ხმა, დღესდღეობით ისეთი პიროტექნიკებია რომ შესაძლებელია ყოფილიყოს პიროტექნიკა“, – ამბობს შედანია.
რაც შეეხება კვარაცხელიას ფეისბუქპოსტში აღწერილ სხვა ბრალდებებს, აღსანიშნავია, რომ ის, პოლიციის მისამართით არაერთი დისკრედიტაციული ბრალდებებით გამოირჩევა.
მივყვეთ თანმიმდევრულად: კვარაცხელია “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, გელა შედანიას მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ სახლში ლანდი დაინახა. ამ დროს კვარაცხელიას მტკიცებით, შედანიას მობილურზე ავტომატურად ხმამაღალი საუბრის რეჟიმი ჩაირთო და მან კარგად გაიგონა თუ რა უთხრა მას მეუღლემ.
ამ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ურთიერთგამომრიცხავია, შედანია “რეგიონულ კვირას” ეუბნება, რომ მან სასაუბროდ ხმამაღალი რეჟიმი სპეციალურად, გამიზნულად ჩართო. სატელეფონო საუბრის შემდეგ, შედანიას სახლში მისვლაში საპატრულო პოლიცია დაეხმარა, რადგან უკვე ე.წ. კომენდანტის საათი იყო. აღნიშნულს თავად კვარაცხელიაც ადასტურებს.
“მეუღლე მირეკავს და მეუბნება, რომ ფეხის ხმა ესმით. ვაყენებ ტელეფონს ხმოვან რეჟიმზე, აქ ბიჭები ყველა იყვნენ და ისმის სროლის ხმა. შემდეგ დავრეკე 112-ში და ვუთხარი სროლის შესახებ. პოლიციასთან შეთანხმებით, რადგან კომენდანტის საათი იყო, დაგვრთო ნება წასვლის”,- ჰყვება შედანია.
რაც შეეხება მთავარს, რაზეც ოპოზიციური პარტიის წევრმა სამართალდამცავიბუწყების დისკრედიტაციის ამბავი ააგო, გელა შედანია მისი შვილების შეშინების შესახებ ამბობს, რომ ბავშვმა უბრალოდ მამაკაცის სილუეტი დაინახა.
” სილუეტი შეამჩნია, ბავშვი აღწერს კიდეც. ცოტა მაღალი იყო და წაწვეტებული ქუდი ეხურაო” ,- ამბობს გელა შედანია.
შეგახსენებთ, რომ სოცქსელში “ნაცმოძრაობის” წევრმა ირაკლი კვარაცხელიამ განცხადება გაავრცელა. კვარაცხელია წერს, რომ მისი მეგობრის გელა შედანიას სახლში სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა. როგორც ჩანს, კვარაცხელიამ საზოგადოებას სპეცოპერაციის ახალი დეფინიცია შესთავაზა, რაც მის ფეისბუქპოსტს თუ დავუჯერებთ ნიშნავს “ბავშვის მიერ ლანდის დანახვას”. კვარაცხელია, რომელიც ფართო აუდიტორიამ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისას მძევლის სტატუსით გაიცნო და ერთი ვერსიით, მას ესებუას თანამზრახველადაც კი განიხილავდნენ წერს, რომ დაუდგენელი პირი შედანიას სახლში შეიჭრა, გაისროლა და ოჯახის წევრები შეაშინა.
“რეგიონული კვირასთან” მეზობლები ამბობენ, პირი მხოლოდ ეზოში შენიშნეს და არა სახლში. სახლი დაზიანებული არაა და სპეცოპერაცია არ ჩატარებულა. “რეგიონული კვირა” თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგაწვდით.