“უსაფუძვლო აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს” – ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც  ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა.
ამის შესახებ განცხადება ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ გააკეთა.

“ჩვენ, პირველ რიგში, გვინდა, დავაზუსტოთ ინფორმაცია, ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯიხანჯურში ცოფის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ღონისძიებების შესახებ. პირველ რიგში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არის გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გულისხმობს საკარანტინე ღონისძიებების დაწესებას, მხოლოდ ერთ სოფელში და არა რამდენიმე სოფელში, ეს არის სოფელი ჯიხანჯური.
კარანტინი არამც და არამც არ გულისხმობს, ამ სოფელში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას, ეს არის პირველი რაც მინდა დავაზუსტო. უბრალოდ ცოფის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, სოფელი ჯიხანჯური, საკარანტინე მიზნებისთვის გამოცხადებული არის დროებით არაკეთილსაიმედო ტერიტორიად, რაც თავისთავად გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტული ღონისძიებების დაწესებას. საკარანტინე რეჟიმის მოხსნამდე ქუჩაში შინაური ცხოველების გამოყვანა, გამოფენა, ვაჭრობა იკრძალება. შემდეგ ყველაზე მნიშნელოვანი არის, ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე არის განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს პირველ რიგში საეჭვო ცხოველების იზოლირებასა და ლიკვიდაციას. საეჭვო ცხოველთა სადგომების სრულ დეზინფექციას და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმ ოჯახებში სადაც იქნა დაფიქსირებული აღნიშნული, გადამდები საშიში დაავადება, სრულად არის ვაქცინაცია განხორციელებული ოჯახის წევრებზე.  ასევე კერის დაფიქსირებიდან ორი- სამი კილომეტრის რადიუსში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულად არის განხორციელბული ვაქცინაციის გადაუდებელი ღონისძიებები.
სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არანაირი უსაფუძლო აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეს დაავადება მხოლოდ და მხოლოდ დაუფიქსირდა რამდენიმე ცხოველს. არ არის დაფიქსირებული ადამიანებზე, შესაბამისად არანაირი მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო საფრთხე ამ ეტაპისთვის არ არსებოს და მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ დამშვიდდეს პირველ რიგში. შესაბამისად მადლობა მინდა ვუთხრა მედია საშუალებებს, რომ მოგვცეს ინფორმაციის დაკონკრეტებისა და დაზუსტების შესაძლებლობა, იმისათვის რომ არ გავრცელდეს უსაფუძვლო პანიკა მოსახლეობაში.
რაც ევალება პირველ რიგში მოსახლეობას და რაც მინდა ვთხოვო, არის ის, რომ მაქსიმალურად აიყვანონ კონტროლზე. ეს არის იმ ვალდებულების შესრულება, რომ შინაური ცხოველების მოვლის წესები უნდა გაამკაცრონ. შესაბამისად არ გამოიყვანონ ქუჩაში სასეირნოდ, არ მოაწყონ ვაჭრობები და შესაბამისად არ წაიყვანონ სანადიროდ შინაური ცხოველები. ამის გარდა ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტი, უპირველეს ყოვლისა რძე, უნდა იყოს სათანადო წესით პასტერიზებული. ეს გულისხმობს მინიმუმ 30 წუთიან პასტერიზაციას, ან 5 წუთიანი დუღილის შემდეგ უნდა იქნეს საკვებად გამოყენებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, აღნიშნული დაავადების პრევენციისა და ლიკვიდაციისათვის.
ეს არის ასახული ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ აქტში, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბოლო ცოფის ვირუსის დაფიქსირებიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება ე.წ საკარანტინე რეჟიმი, რომლის შინაარსსაც კიდევ ერთხელ ვაზუსტებ. როგორც წინასწარი ინფორმაციით, ირკვევა, ეს არის ძირითადად გარეული ცხოველის მიერ შინაურ ცხოველზე დაკბენის ფაქტი, რომელსაც შესაძლებელია გამოეწვია აღნიშნული შემთხვევა.
შესაბამისად ამ ბრძანების ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დათქმა და აუცილებლად შესასრულებელი მოქმედება ეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიების სახით შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, შესაბამის დასახლებიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში, ყველა შინაური ცხოვრელის ვაქცინაცია, რომელიც არის უკვე განხორციელებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ეს არის ძირითადათ შინაური ცხოველის მესაკუთრის ვალდებულება, რომელმაც უნდა დაიცვას შინაური ცხოველების მოვლა, მოვლის წესები.
ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ობიექტურ შეზღუდვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ყოველთვის აცხადებს მზაობას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში არსებული რესურსის გათვალისწინებით, ყოველთვის დაუდგება მოსახლეობას გვერდით”,- განაცხადა მირიან ქათამაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები