დღეიდან ქვეყანა შეზღუდვების გამარტივების პირველ ეტაპზე გადავიდა – რა რეგულაციები მოიხსნა და დარჩა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება.

კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები  მოიხსნა:

1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობა მხოლოდ  მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა უსაფრთხოების სპეციალური წესების დაცვით განაახლეს;

  • სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია პირველი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;

3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

4. აჭარაში დაშვებულია კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

  • სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

5. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან.

6. პირველ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

7. გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

8. დღეიდან ასევე განახლდა რეგულარული ფრენები.

ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.

ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგებისა და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები – პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება.
ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები