“როცა მოდიან უმცროს შვილს ჰგონია, რომ მამამისი ისევ ცოცხალია” – შსს-ს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა საკუთარი ინიციატივით, დაღუპული თანამშრომლის დავით ნეფარიძის ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” დავით ნეფარიძის მეუღლემ, ნინომ განუცხადა, წინასაახალწლო დღეებში მისი ქმრის ყოფილი თანამშრომლები ხაშურში ესტუმრნენ და უამრავი საჩუქარი ფულად თანხასთან ერთად გადასცეს.
მისივე თქმით, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები ყოველ წელს მიდიან მათ ოჯახში და ბავშვებს ახარებენ.
“ჩემი მეუღლე შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის სამსახურში მუშაობდა. 8 წელია რაც გარდაიცვალა და გარდაცვალების წლიდან ამ ახალი წლების ჩათვლით მისი თანამშრომლები ჩვენს ოჯახში მოდიან და ახალი წლისთვის სურსათითა და ფულით გვასაჩუქრებენ. ყოველთვის გვერდში გვიდგანან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეს საქციელი, რადგან ჩემი მეუღლე მათთვის ისევ ცოცხალია. ჩემი სამივე შვილისთვისაც ასეა და რომ მოდიან ძალიან უხარიათ. ყველაზე პატარა შვილი 10 წლის მყავს და თანამშრომლები რომ მოდიან ჰგონია, რომ მამამისი არ გარდაცვლილა და ოჯახისთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება”,-განუცხადა “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილის მეუღლემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.