ეკატერინე ტიკარაძე: COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც კოვიდის ვაქცინის შესაძენად საქართველოსთვის დახმარებას ითვალისწინებს
„საქართველომ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის უკვე 16 000 000 ლარი გადარიცხა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საქართველომ მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო.
„სექტემბერში სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის. ამ მიზნით უკვე გადაირიცხა 16 000 000 ლარი, რითაც საქართველომ, მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო. ვაქცინაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უკვე შეიქმნა შესაბამისი უწყებათაშორისი კომიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.