რუსთავში, პანდემიის პირობებში, მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანია გრძელდება

რუსთავში, პანდემიის პირობებში, მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანია გრძელდება. შეჭირვებული მოქალაქეებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება, დღეს რუსთავის მერიამ დაიწყო. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტისგან დახმარებას, რუსთავში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, ასევე მარჩენალდაკარგულ ოჯახები, მარტოხელა დედები, მარტოხელა მოხუცები, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ვეტერანები მიიღებენ. ქალაქის მასშტაბით, სურსათის გადანაწილების პროცესის მიმდინარეობას, რუსთავის მერის მოადგილეები კახა გურული და ირმა მესხი ადგილზე გაეცნენ. ,, მერიის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნა საკვები პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა. ამ ეტაპზე დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 ათასიდან ზევით, მარტოხელა დედები, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც 4 ან მეტი ბავშვი ჰყავთ, მარჩენალდაკარგული ობოლი ბავშვები, ვეტერანები. ამ ეტაპზე, ჯამში, ვგეგმავთ 8 ათასამდე ოჯახს გადავცეთ საკვები პროდუქტი. ჩვენი ვარაუდით, კვირის განმავლობაში ეს აქცია დასრულდება. მეგობარი ორგანიზაციების, ბიზნესმენების, საზოგადოება ,,რუსთაველების” დახმარებით, კიდევ ვგეგმავთ მოსახლეობისათვის დახმარების გაწევას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურულმა. სასურსათო პაკეტებს მოსახლეობამდე, მუნიციპლიტეტის თანამშრომლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მოხალისეები მიიტანენ. 8000- მდე უკიდურესად შეჭირვებული მოქალაქე დახმარებას კვირის ბოლომდე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები