Wizz Air საქართველოში ოპერირებას მარტიდან განაახლებს
ქუთაისში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს. კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ანდრაშ რადოს Განცხადებით, მარტიდან გეგმაშია 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენა, რომელთაც Wizz Air პანდემიამდე ასრულებდა.
“ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“,- ამბობს ანდრაშ რადო.
რადო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ახალი მიმართულებების დამატებას გამორიცხავს.
„ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ. და ასევე რამდენიმე ახალიც დავამატოთ. მაგრამ ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება“,- განმარტა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.