საპატრიარქო კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო ტაძრებში კოვიდ პროტოკოლს აწესებს
კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს და მრევლსა და სასულიერო პირებს ეკლესიებში კოვიდ პროტოკოლის დაცვისკენ მოუწოდებს.
განცხადების მიხედვით, აუცილებელია ტაძრებში მრევლმა დაიცვას დისტანცია, ეკეთოს პიბადე და თუ თავს შეუძლოდ გრძნობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან.
“COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:
აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.
ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული”, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.