ე.წ. კომენდანტის საათის გამო ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში მატარებლის გრაფიკი შეიცვალა

უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში „კომენდანტის საათის“ დაწესებასთან დაკავშირებით, რომლიც მიხედვითაც გადაადგილება ღამის 22:00-დან დილის 05:00 საათამდე იზღუდება, საქართველოს რკინიგზა მატარებლების გადაადგილების გრაფიკს ცვლის.
ახალი გრაფიკის თანახმად, ჩქაროსნული მატარებელი ზუგდიდიდან დედაქალაქის მიმართულებით 18:10 საათის ნაცვლად, 14:05 საათზე გავა. შესაბამისად ჩასვლის დროც იცვლება, მატარებელი თბილისში 19:45 საათზე ჩავა.
„როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები