“ხელისუფლებამ ადამიანების სიცოცხლე დააყენა ფულზე და საკუთარ პრესტიჟზე მაღლა”
ანალიტიკოსი და ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შეიარაღებული თავდასხმის შესახებ მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ახალ ამბებს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელი პოსტით ეხმაურება.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში განმარტავს, რომ კონკრეტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდამსხმელს 4 მლნ დოლარი გადაუხადეს „ფეიკ ნიუსია“, რადგან სალუქვაძის თქმით, ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ კადრების მიხედვით, რაც გავრცელდა.
„ვინც ავრცელებთ, თითქოს დამნაშავემ 4 მლნ დოლარი წაიღო, არ იცით რამდენია მოცულობაში, წონაში?! 1 მლნ დოლარი არის ერთი დიდი დიპლომატი. მისი წონა შეადგენს 10კგ-ს. შესაბამისად, 4 მლნ დოლარის წონა არის 40კგ. როგორ ფიქრობთ, 40კგ მოიკიდა ზურგზე და დაათრევს ტყე-ტყე იარაღთან ერთად?“, – წერს სალუქვაძე.
ექსპერტი მსოფლიოში მომხდარ გახმაურებულ თავდასხმებსა და მძევლების აყვანის საქმეებს იხსენებს, სადაც ხაზს უსვამს იმ ფაქტებს, თუ რა შედეგი მოჰყვა ხელისუფლების მიერ გამოსასყიდის გადახდას ან არ გადახდის დილემას.
„ბევრ ქვეყანაში მიღებულია დაუწერელი წესი, ზოგან კანონიც მიიღეს, რომ გამოსასყიდს არ უხდიან ტერორისტს და არა მძარცველს, ყაჩაღს. თქვენ ერთის მხრივ ამბობთ ტერორისტი არ იყოო, მეორეს მხრივ არ უნდა გადაეხადათო. ჩამოყალიბდით კარგად. თუ არ უნდა გადაეხადათ, მაშინ მოითხოვეთ, რათა მიეცეს ტერაქტის კვალიფილაცია. თუ ასეთ კვალიფიკაციას არ აძლევთ, მაშინ რაზე საუბრობთ?! ისე, რომ იცოდეთ, ორი მიდგომა არსებობს, ორი შეფასება. პირველი, რასაც დღეს აჟღერებენ, ტერორისტს, ხაზს ვუსვამ, ტერორისტს არ უნდა გადავუხადოთ. ბრიტანეთის პრემიერმა, დევიდ კემერონმა არ გადაიხადა და “ალ ქაედამ” ბრიტანელი მძევალი დახვრიტა.
ატყუებთ მოსახლეობას, როცა ამტკიცებთ, რომ მძევალთა გამოსასყიდს ტერორისტებს არ უხდიან.
– ყველაზე დიდი გამოსასყიდი 2016 წელს ამერიკამ ირანს გადაუხადა – 400 მლნ დოლარი. თანხის გადახდა აღიარებულია. ობამას ადმინისტრაცია კი ამტკიცებდა, რომ ეს თანხა ირანის გაყინულ ანგარიშზე არსებული 1,7 მილიარდი დოლარიდან გადაიხადეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
– 2014 წელს სირიაში დატყვევებული 4 ჟურნალისტის ნიკოლა ენენის, დიდიე ფრანსუას, ედუარა ელიას და პიერ ტორესის გადასარჩენად, საფრანგეთის მთავრობამ 18 მლნ დოლარი გადაიხადა.
– 2015 წელს ორი იტალიელის ვანესა მარძულოს და გრეტა რამელის გამოსასყიდად 15 მლნ დოლარი იქნა გადახდილი.
– 2009 წელს ორი შვეიცარიელის გაბრიელა და ვერნერ გრაინერების და გერმანელი მასწავლებლის მარიან პეტცოლდის გამოსასყიდ თანხას და გადახდის ფაქტს, გერმანიის ხელისუფლება არ აღიარებს, თუმცა დამოიკიდებელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თანხა გადახდილი იქნა. რაც შეეხება შვეიცარიელებს, მათი ხელისუფლების მხრიდან თანხის გადარიცხვის ფაქტი დადასტურებულია.
სია ვრცელია. რამდენი გამოსასყიდი აქვს მიღებული სომალელ მეკობრეებს, ინფორმაცია ინტერნეტით მოიპოვება. “ალ ქაედას” გამოსასყიდის სახით მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მიღებული”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.
როგორც ამირან სალუქვაძე განმარტავს, ხელისუფლებამ ზუგდიდის მაგალითზე ადამიანების სიცოცხლე ფულზე და პრესტიჟზე მაღლა დააყენა.
„მიკვირს, რა ინფორმაციებზე დაყრდნობით ამტკიცებთ, რომ ამ ბოროტმოქმედს პოლიტიკური მიზანი არ ჰქონდა? იქნებ მისი მიზანი არა გამდიდრება, არამედ ამ ფაქტის მიღწევა იყო, რომ ერთის მხრივ ხმაურიანი დანაშაული ჩაედინა წინასააეჩევნოდ, მეორე, ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინა თანხის გადახდის ფაქტით. იქნებ მცირე თანხა, 500 ათასი, როგორც ჭორი გავრცელდა, 300-ზე დაითანხმეს, ზუსტად ამ მიზნით შეარჩიეს? არ მიგაჩნიათ 300 ან 500 ათასის სანაცვლოდ ასეთ რისკზე წასვლა საეჭვოდ? 100%-ით შეიძლება ამ ვერსიის გამორიცხვა? არ შეიძლება, ისევე როგორც მხოლოდ ყაჩაღობის ვერსია. თუმცა, დაველოდოთ დევნის ოპერაციის დასრულებას. როგორც ზუგდიდის, ისე ზემოთ აღწერილ შემთხვევებში, ხელისუფლებამ ადამიანების სიცოცხლე დააყენა ფულზე და საკუთარ პრესტიჟზე მაღლა. სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური მოთხოვნების შემთხვევაში, მოთხოვნებს შეუსრულებდნენ, მაგრამ 300 ან 500 ათასის გამო ღირდა თუ არა გაჯიუტება და ადამიანების სიცოხლის საფრთხის ქვეშ დაყენება, გემოვნების და გულრწფელობის ამბავია. გულრწფელობის იმიტომ, რომ ერთი ადამიანიც რომ დაღუპულიყო, ზუსტად იგივე ადამიანები საპირისპირო განცხადებებს, კიდევ უფრო მეტი ემოციურობით გააკეთებდნენ, რომ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე არაფრად უღირს, 500 ათასი დაინანაო”, – წერს სალუქვაძე.