წითელ ზონად გამოცხადებულ ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების დარღვევით მიმდინარეობს. ასობით მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და რეგიონებიდან პარტიის ორგანიზატორებმა საგანგებოდ მობილიზებული სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს, ერთმანეთთან მჭიდროდ, პირბადეების გარეშე დგას.
ტერიტორიაზე იმდენად ბევრი ადამიანია, რომ გადაადგილებაც ჭირს.
კითხვაზე – აკონტროლებს თუ არა ვინმე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვას და ეპიდაფეთქების წყარო სწორედ ეს აქცია რომ აღმოჩნდეს პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ენმ-დან გიორგი კირთაძე პასუხობს, რომ აქციაზე ყველა წესი დაცულია. ეს კი მაშინ, როცა შეკრების ადგილას თავადაც პირბადის გარეშე გადაადგილდება.
“დღევანდელი შეხვედრა დასტურია იმისა რომ ბიძინა ივანიშვილი წავა სახლში. ბუნებრივია, აქაა როგორც ბათუმიდან ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან შეკრებილი ადამიანები, დღეს წარვდგებით მაჟორიტარები სწორედ ამ მოქალაქეების წინაშე. მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანცია დავიცვათ და არ დავარღვიოთ წესები“,-განაცხადა გიორგი კირთაძემ.
აქციაზე მისული პარტიის მხარდამჭერები ერთმანეთს უკვე “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებას ულოცავენ და შეძახილებით ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებს ზეიმობენ. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე. როდესაც აჭარის კოვიდსტატისტიკას ყოველდღიურად ასობით ინფიცირებული ემატება და ამავე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც მზარდია.
აღსანიშნავია, რომ “ნაცმოძრაობის” ორგანიზებულ შეკრებაში მონაწილეთა უმრავლესობამ არ იცის რატომ იმყოფებიან ბათუმში, არც ის იციან რა ცვლილებებს ელიან “ნაციონალური მოძრაობისგან”, ან რატომ სურთ მათი გამარჯვება.