ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი 16 წლის ბიჭის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. მეხანძრე-მაშველებს ამ წუთებში, ცხედარი მიწის მასიდან ამოჰყავთ,

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყრული პროცესი ძლიერი წვიმის შედეგად განვითარდა. მიწის მასამ თედორაძეების საცხოვრებელი სახლი ხევში ჩაიყოლა. რომელშიც იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი. დედა, მამა და 16 წლის ბიჭი. დედისა და მამის ცხედრები გუშინ დღის განმავლობაში იპოვეს. მაშველებმა ასევე დამეწყრილი ადგილიდან ავტომობილი ამოიღეს, რომელშიც ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იყო.

პირველი ოქტომბრიდან ადგილზე მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა. დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

სტიქიის ღამეს, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები