ქობულეთის ორმა კოვიდკლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას ის კლინიკები შეძლებენ, სადაც პაციენტების რაოდენობა ნაკლებია.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ,,რეგიონულ კვირას” განუმარტეს, ყოველდღიურად ხდება გამოჯანმრთელებული პაციენტების კლინიკებიდან გაწერა, ქობულეთის კლინიკებშიც ადგილები გათავისუფლდება. რაც იმას ნიშნავს რომ კლინიკები პაციენტების მიღებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
ქობულეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გადაყვანილ ინფიცირებულებს მკურნალობენ. მათ შორის არიან პაციენტები ფოთიდან, ოზურგეთიდან და ლანჩხუთიდან.
რეგიონში კოვიდის 6 ცენტრი მოქმედებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში 300 საწოლი დაემატა.