თეა ახვლედიანი: ჟენევის თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელ ჯიჰან სულთანოღლუსთან და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკასთან შეხვერის დროს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილა. მან დეტალურად იმსჯელა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მძიმე პირობებზე. უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ პრობლემეზე საუბრისას ხაზი გაესვა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის გახსნის აუცილებლობას, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია.
მინისტრმა აქცენტი გაკეთდა, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, ე.წ. ბორდერიზაციის, მოსახლეობის გატაცებებისა და დაკავებების საკითხზე, რომელიც პანდეემის დროსაც არ შეწყვეტილა.
მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის განსაკუთრებულ როლს ხაზი გაუსვეს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვნია ჟენევის ფორმატის გააქტიურება და მისი ეფექტიანობის გაზრდა. შეხვედრისას განიხილეს საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მეორე სამუშაო ჯგუფის თემები, რომელიც დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნებას შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობა.
ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენაა მიმართული. ამ კონტექსტში დეტალურად იქნა განხილული სამშვიდობო ინიციატივები და მათი განხორციელებასთან დაკავშირებული ხედვები.
“ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებასთან დაკავშირებული მრავალი ასპექტი. განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის, ასევე მოსახლეობის უკანონოდ დაკავებების სახით. აქცენტი გავაკეთე ბოლო დღეების განმავლობაში სოფელ ხურვალეთში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები და მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ და ყოველდღიურ მუშაობას ამ თემებზე, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის და საშუალების გამოყენებით”, -განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
„ახალ სახელმწიფო მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ დღის წესრიგით არსებული ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებსა და მის პორტფოლიოსთან. ასე რომ, ურთიერთობა ძალიან კარგად დავიწყეთ და მოუთმენლად ველი სამომავლოდაც ძალიან ინტენსიურ და კარგ თანამშრომლობას ახალ სახელმწიფო მინისტრთან”-განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.