ჯანდაცვის სამინისტრო: შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნისას დაშავებული ერთი პირი უკვე გადაიყვანეს თბილისში, მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთერთი მათგანი უკვე გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
„ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსებენ“, – განაცხადეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, სოფელ ბისოსთან, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 – მძიმედ დაშავდა.
შს სამინსიტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.