გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში სამართალდარღვევა გამოავლინა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1000 ერთეული ტოტი.
“შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ამკაცრებს კონტროლს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ეფექტიანი მუშაობის, ასევე სამინისტროს მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად, წლიდან წლამდე იკლებს ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირება-რეალიზაციის ფაქტები. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და მოქალაქეები არჩევანს უმეტესად კანონიერად მოპოვებულ ბზაზე აჩერებენ.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.
