გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წიაღის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
ხელვაჩაურის, თერჯოლის, ბორჯომისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების – ჭოროხის, ყვირილასა და მტკვრის კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 295-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 25 კუბური მეტრი მოცულობის ტეშენიტის ქვა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში კი, 10 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვის უკანონო მოპოვების ფაქტი დაფიქსირდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. შიდა ქართლში გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ჯამში 5500 ლარზე მეტია.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები