გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს ზუგდიდის, მარტვილისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ნალეფსაოში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში არსებულ ხის ფარდულში მოწყობილი უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარედ სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 48 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
“საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები მოქალაქეებს სოფლებში – პირველი მაისი და დავითიანი, საიდანაც ამოღებულია ასევე თხმელას (მურყანი) სახეობის 14 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და ნახევარ კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ძელაკი). ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა. გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის სამეგრელოშიც, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებისა და დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების რაოდენობის შემცირება შეინიშნება,”- წერია ინფორმაციაში.
